მოგონება

 

surati

 

დედა

 მეგობარი

 კოლეგა

 

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა ქალბატონი ზაირა ალადაშვილის გარდაცვალების გამო და თბილი სიტყვებით გააცილა იგი. ამასთან, ბოდიშს ვუხდით იმ ავტორებს, ვისი წერილებიც აქ ვერ მოხვდა ან მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

 

 

surati1

 

შვილებო,

მთელი ცხოვრება დუხჭირი ცხოვრებით ვიცხოვრე. არ მეგონა, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლებდი. ახლა კი ვხედავ, რომ დამიზამთრდა. ეს ჩემი სიცოცხლის დასასრულის დასაწყისია. სილამაზეზე და ახალგაზრდობაზე შეყვარებულმა ქალმა ძნელია ეს აღიარო, მაგრამ რას ვიზამ, დრო ულმობელია, რომელიც სიცოცხლის წუთებს გითვლის.

ჩემო საყვარელო, ჩემო სიყრმის შვილო ალეკო. შენ მაზიარე დედობას. როცა ცოლ-შვილთან ხარ, გული სიამაყით მევსება. მართალია, ცხოვრების გზაზე ძალზე ძნელი საქმე აირჩიე, მაგრამ სამაგიეროდ ნაყოფსა ხედავ. ჩემო ბიჭო, შენ მრავალშვილიანი მამა და პაპა ხარ, ეს საამაყოა. ჯანმრთელად გევლოს საყვარელო, დარჩენილი ცხოვრების გზაზე. მიყვარხარ და ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, გზად და ხიდად გეყოფა.
ოლეგი, წუთი წუთზე ველოდები, შვილო დასასრულს. შენ იყავი ჩემთვის საამაყო შვილი. სამწუხაროა, მაგრამ კარგავ არა მარტო დედას, არამედ დასაყრდენს, მაგრამ რას იზამ, ეს ხომ ბუნების კანონია და მისი შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, მშობლები მიდიან, შვილები რჩებიან. შეეჩვიე დედის გარეშე ცხოვრებას. დედამიწაზე ერთი ძმა და ერთი შვილი დაგრჩა, რომლებსაც უყვარხარ და შენთვის გული შესტკივათ.
მე მალე აღარ ვიქნები, ჩემო ოლეგი. მინდა, რომ ჩემი გაკეთებული ეკლესიიდან გამასვენო, მახათას მთისკენ მიმავალ გზაზე წუთით შემაჩერო სახლთან. სახლში არ შემასვენო. ეცადე, საყვარელო, აქედან დაეხმარო ჩემს ცოდვილ სულს. ხომ იცი, ჯოჯოხეთის როგორ მეშინია, გარდა ამისა, ამბობენ ეკლესიაში ჩატარებულ პარაკლისებს და პანაშვიდებს დიდი ძალა აქვსო, მე კი ვეცდები იქიდან ვილოცო შენი ჯანმრთელობისათვის.
საბა, უძლური ბებია გენაცვალოს, ერთი თხოვნა მაქვს შენთან, მამას გაუფრთხილდი. დრო გადის და მამა თანდათან ასაკში შევა, შენ კი იზრდები და დიდი კაცი გახდები, უპატრონე შენს მშობელს.
ჯანმრთელად გაგეტარებინოთ დარჩენილი ცხოვრება. ეგ არის და ეგ.

 

ზაირა ალადაშვილი

 

დედას

შენ 6 თებერვალს წახვედი, 5-ში ჩემი დაბადების დღე იყო. შეგნებულად არ წახვედი 5-ში, ყველანაირად მზად იყავი, მხოლოდ სუნთქავდი, მაგრამ არ წახვედი. ეს იყო ერთადერთი დაბადების დღე, რომელიც არ მომილოცე, მაგრამ როცა შენს ხელებს ვეხებოდი, ვგრძნობდი, რომ მლოცავდი, ვიცოდი და ვგრძნობდი.

ღმერთმა 3 თვეში იმდენი რამ შემაძლებინა, რის გაკეთებასაც სხვა შემთხვევაში ნახევარ ცხოვრებას მოვანდომებდი: შენი ბოლო სურვილი შევასრულე, გავყიდე ავარიული სახლი და ვიყიდე სხვა, რათა სცოდნოდა შენს სულს, სად მოვეძებნე. მერე 20 დღეში შენ წახვედი და შენი გამგზავრების ცრემლიანი დღესასწაული დამიტოვე.
არ შემეშალა, დღესასწაული, რადგან სიკვდილის არ მეშინია, არც ჩემი, არც შენი, არც სხვისი. სიკვდილი არ არსებობს, ჩვენ უკვდავები ვართ, ჩვენში მთავარი სულია - ხელთუქმნელი და მარადიული, სხეული კი აქ, ამ რეალობაში მოგვეცა, ისიც დროებით, ჩვენი მიწიერი მისიისათვის.
გარდაცვალების დღე იმისთვის არის თავზარდამცემი ელდა, ვინც თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. სინამდვილეში ეს სულის ხელახალი დაბადების დღეა, რომელსაც მერე მუდამ აღვნიშნავთ ახალ სინამდვილეში, თუმცა ძალიან სახეცვლილები, გაზრდილები, მიწიერი სკოლის კურსდამთავრებულები.
კი არ ვკვდებით, ვიბადებით.
ეს ყველაფერი შენ უკვე იცი, შენ იქ ხარ, სადაც ცოცხლებზე ბევრად მეტი იციან. ამიტომაც ვგრძნობ შენს კითხვას: რაღატომ განვიცდით, რატომ ვდარდობთ ან რატომ ვტირით...
სხვისი არ ვიცი და მე კი იმიტომ, რომ მენატრები, სულს უშენობა ასტკივდა, ისე ძალიან, როგორც შენ გტკიოდა ბოლოს სხეული, კიდევ იმიტომ, რომ ჩემი დედა ხარ და აქ, ამ მიწაზე, ამ სევდიანი სიყვარულით აღარასოდეს განმეორდები, არ დამარიგებ, არ მეჩხუბები, ვერც შენებურად გამლანძღავ და გამებუტები, ვეღარც დამლოცავ და მეტყვი „მშვიდობით დამიბრუნდი, შვილოო".
გმადლობ, დედა, რომ ამ მშვენიერ სამყაროში მომავლინე, სხეულით მატარე, მკერდით გამომკვებე, გამზარდე, ფეხზე დამაყენე, იმ მზერისთვის გმადლობ, მარტო დედებს რომ შეუძლიათ შვილებს უყურონ, იმ ხელებისთვის, რომლებიც სითბოსა და ალერსს გადმომცემდნენ, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ ყოველთვის მართალი რჩევებისთვის, მუდამ მლოცველი გულისთვის, კარგი დედობისთვის.
ნუ გეშინია ცოდვების. შენ ისინი მრავალგზის მოინანიე მთელი გულით, ცრემლებით და ღვთისთვის სათნო საქმით. როცა ყველას ყველაფერს მიუტევებ, შენც ყველაფერი მიგეტევება, ასეთი მარტივია სამოთხის გასაღები.
ამ 40 დღეში 3 შეკვეთილი წირვა (პარაკლისი) და ბევრად მეტი პანაშვიდი შეგისრულდა სულის საოხად, ბევრი ადამიანი ლოცულობს შენი სულისთვის, მათგან 18-ნი ყოველდღიურად ვკითხულობთ კანონს, 14 ტაძარში ყოველდღიურად გახსენებენ ლოცვებში მადლიანი მოძღვრები და მედავითნენი და რაც მთავარია, რაც კი შესძელი, ყველაფერი გააკეთე ადამიანებისთვის. აი, ამ განაცხადით წარსდექი უფალთან.
ღმერთი მოწყალეა, მე ვიცი, რომ შენი სული გაბრწყინდება. მე უკვე ნათელში გხედავ.

 

შენი ოლეგი,
იგივე ზაურ ალადაშვილი

 

surati2

 

P.S. გახსოვს იგავი ტყუპებზე?

 ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ბავშვი ელაპარაკება ერთმანეთს, ერთი მორწმუნეა, მეორე არა. ურწმუნო ეკითხება,

- შენ გჯერა, რომ არსებობს სიცოცხლე დაბადების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, მჯერა. ყველას ესმის, რომ დაბადების შემდეგ სიცოცხლე არსებობს. აქ კი იმიტომ ვართ, რომ გავძლიერდეთ და მზად ვიყოთ იმისათვის, რაც მომავალში გველოდება.
- ეს ყველაფერი სისულელეა, მშობიარობის შემდეგ არანაირი სიცოცხლე არ არსებობს. წარმოდგენა მაინც თუ შეგიძლია, როგორი იქნება იქ სიცოცხლე?
- მე ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ იქ აუცილებლად იქნება მეტი შუქი, მეტი სიხარული, ბევრ რამეს თვითონ გავაკეთებთ, საჭმელს ჩვენი პირით შევჭამთ...
- ეს სასაცილოა. დასაბამიდან მოდის ასე, რომ არსებობს დიადი ჭიპლარი, რომელიც გვაჭმევს. არ მჯერა იქაური ცხოვრების, იქით წასული ბევრი მინახავს და უკან დაბრუნებული არავინ...
- მე ზუსტად არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი სიცოცხლე დაბადების შემდეგ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ვნახავთ დედას და ის იზრუნებს ჩვენზე.
- დედას? შენ გჯერა დედის არსებობა? სად არის დედა?
- ის ყველგანაა, ის ჩვენს გარშემოა, მისი წყალობით ვცოცხლობთ, მის გარეშე არავინ ვართ.
- კარგი იქნებოდა, მაგრამ სიცრუეა ეს ყველაფერი. მე არ მინახავს არავითარი დედა და როგორ გავიგო, რომ ის მართლა არსებობს.
- ვერ დაგეთანხმები. ზოგჯერ, როცა გარშემო სიწყნარეა, თუ მოუსმენ, შეგიძლია გაიგო, როგორ მღერის დედა ან იგრძნო, როგორ ეფერება იგი ჩვენს სამყაროს...
მე მჯერა, რომ ჩვენი ნამდვილი ცხოვრება დაიწყება დაბადების შემდეგ.
შენ გჯერა?

 

 

***

 ქალბატონი ზაირას ხსოვნას

დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:

- მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?
ღმერთი ამშვიდებს:
- ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
- კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას?
- ანგელოზი თავად გასწავლის მის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
- შენთან როდის დავბრუნდები?
- შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
- რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ - „დედას..."
უკვე რამდენი ხანია დედას ვეღარ გეძახი, დედა! ხანდახან თვალს მოვეფარები, მოვიკუნტები და ჩუმად ვბუტბუტებ: დედა, დე! არ მინდა დამავიწყდეს, თუ როგორ გეძახდი... არც შენი ხმის დავიწყება მსურს, არც ხელების სითბოსი, ხანდახან შენი სახე თვალს მოეფარება, დაინისლება თითქოს, მეშინია იმ წუთებისა... თუმცა მწამს, რომ არასოდეს აღიხოცება ჩემში შენი ხატება და შენი თვალების შუქი შენსკენ მომავალ გზას გამინათებს...
იცი, ვერ ვტირი... უფრო სწორად გულის თვალები მევსება ცრემლით, ჩემს ხორციელ თვალთა ცრემლი დიდი ხანია შეაშრათ...
შენს უკანასკნელ გამოხედვას ვერასოდეს დავივიწყებ, რაოდენ დიდი ზრუნვა და წუხილი გამოკრთოდა შენი თვალებისაგან... შენმა მზრუნველმა და სევდიანმა მზერამ საკუთარი გულის კარები მაპოვნინა...
მას შემდეგ ყველგან დაგეძებ. დაგეძებ ქუჩაში, სოფელში თუ ქალაქად, ეზოში, სახლში, გარეთ... ჩემი მეგობრების დედებს შორის დაგეძებ... იქნებ საძინებელ ოთახში ხარ და სკოლისთვის თეთრ პერანგს მიუთოვებ ან იქნებ, როცა მძინავს ჩემს სასთუმალთან მოდიხარ და ცრემლიანი და მარადმზრუნველი თვალებით მიყურებ...
ხანდახან მგონია, რომ დიდი ხნით სახლიდან წასულს და გადაკარგულს აუცილებლად მომძებნი და დამიბრუნდები... შენ ხომ ვერასოდეს ძლებდი უჩემოდ... ჩვენ ხომ ვერასოდეს ვძლებდით უერთმანეთოდ... აი, ახლა კი ისევ წამომივიდა ნამდვილი ცრემლები...
- ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
სიკვდილი არა არის-რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, იგივენი ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა, ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის.
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
როგორ, თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღმერთისათვის ცნობილ და ღმრთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმ გრძნობას, ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!"

 

მამა დავითი

 

 

 

 

surati3

 

ზაირა ბებოს

ჩემო საყვარელო ბებო, ძალიან მიჭირს უშენოდ, ეს ერთი თვე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, იმიტომ, რომ ვეღარ გირეკავ, ვეღარ გნახულობ, როგორც ვიყავი შეჩვეული. ხშირად მახსენდება შენთან გატარებული დღეები, ბავშვობა, როგორ მანებივრებდი. მახსენდება ძალიან ბევრი რამ, ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შენგან დამრჩა, ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და გავუფრთხილდები როგორც შენს მოგონებას, ასევე შენს ნაჩუქარ ნივთებს.

ჩემო ლამაზო და საყვარელო ბებო, ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები. დარჩები ჩემს გულში. დაგილოცავ გზას სასუფეველში. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს. მე ყოველთვის ვილოცებ შენი სულისთვის.

 

გვანცა ალადაშვილი

 

 

 

 

surati4

 

საბა ალადაშვილს

 პატარა საბა, ჩემო საყვარელო. ოჯახის სურათები ახალ ალბომში მოვათავსე, იქნებ ოდესმე შენ და შენი შვილები წინაპრებით დაინტერესდეთ. შეინახე, გაუფრთხილდი და მოეფერე.

 

შენი ბებიკო ზაირა ალადაშვილი

 

ზაირა ბებო,

 ბებო, მე ყოველთვის მიყვარდი, მართალია, მე შენთან არც თუ ისე ხშირად მოვდიოდი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი შენზე და ავადმყოფობის დროს მეც ვნერვიულობდი, ასე რომ ძალიან მიყვარდი და ეხლაც მიყვარხარ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ყოველთვის მეყვარები და მემახსოვრები.

 

საბა ალადაშვილი

 

 

 

surati5

 

„დეიდას დედის სუნი ასდისო" - ეს მართალია

დედის გარდაცვალებამ გამანადგურა, ხოლო დეიდას დაკარგვამ მთლიანად მომსპო. ჩემი ლამაზი და ჩემთვის საყვარელი, ჩემი ჭრელთვალება და ყოველთვის მოწესრიგებული დეიდა ჩემთვის იყო სიამაყისა და პირდაპირობის სიმბოლო.

დეიდ, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი თურმე ამის გამომჟღავნებას. სიკვდილის წინ ასეთი რამ მითხარი: „თურმე რა ძალიან გყვარებივარო". ეს სიტყვები დღეს მოსვენებას მიკარგავს და სანანებლად დამრჩება სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ვერ შევძელი ამ ჩემი დიდი სიყვარულის შენამდე მოტანა. მე დავკარგე ჩემთვის საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო ჩემი სული და გული, დამტოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მომიწევს სიარული, რადგან უნდა მოგიყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე, შვილებისა და შვილიშვილების წარმატებებზე (სიკვდილის წინ, დეიდ, შენც ხომ ეს მთხოვე).
მე გპირდები, ჩემო ლამაზო ქალო, რომ ძალიან, ძალიან ხშირად ვივლი და მარტოს არ დაგტოვებ. ნათელში იყოს შენი სული!

 

ნუნუ დათუაშვილი

 

მშვიდობით, ბებია!

უკვე ორმოცი დღე გავიდა, რაც შენი სხეული მივაბარეთ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდა, რადგან საშინელი ზამთარი იყო. მაგრამ მჯერა, რომ მზის პირველმა სხივებმა გაათბო შენი გაყინული სხეული და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათა. ყველასთვის ამაგდარო, შენი ინიციატივით შეიქმნა სათნოების სახლის თავშესაფარი, სადაც უსახლკარო მოხუცები დაასახლე და თბილი კერა შეუქმენი.

ზაირა ბებია, ვიცი, რომ სამოთხემ ფართოდ გაგიღო კარი და დაგასახლა.
მე კი გპირდები, რომ ყოველთვის მოგიგონებ და ბევრ სასიკეთო საქმეში მოგბაძავ.

 

ნუნუკა დათუაშვილი

 

****

შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, მე შენ მიყვარდი და მსურდა, რომ ბედნიერად გეცხოვრა... დიდხანს, ძალიან დიდხანს.

ამას წინათ გზას გადავუხვიე და იმ სახლს ჩავუარე, რომელსაც ერთ დროს შენი და შენიანების სახლი ერქვა, შევჩერდი, შევყურებდი ოდესღაც სითბოთი სავსეს, საოცრად ახლობელს, ახლა კი ცარიელს და უკვე ასე შორეულს, ცივსა და უკარებას. იმ დიდ სახლს ჩემი ბავშვობის სახლადაც აღვიქვამ, მე ხომ ძალიან მიყვარდა იქ მისვლა, მიყვარდით თქვენ ყველა, იმ სახლის ბინადარნი - მამიდა, შენ, ესმა, გივი, ქეთინო, ბავშვები, ყველა დიდი და პატარა. გული მეწურება, ცრემლები მახრჩობს, რადგან ის ყველაფერი უკვე წარსულშია, ის დრო შენთვის ახალგაზრდობის, ხოლო ჩემთვის ბავშვობის დრო იყო, რომელმაც გაზაფხულივით სწრაფად ჩაიარა. ასაკმა დამანახა, რომ დრო არ ინდობს არაფერს...
გული მტკივა, სული მეყინება, მე მიყვარდი, ყოველთვის მემახსოვრები. ნათელში გამყოფოს ღმერთმა.
P.S. ღრმად მოხუცმა შენმა ბიცოლამ შეიცხადა შენი სიკვდილი. თბილისში წამოსვლასაც ცდილობდა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინე, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მას არ ემეტებოდი სიკვდილისათვის, წუხდა, ნანობდა, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ნაკურთხი სანთლები მოითხოვა, ზაირას მშობლების საფლავზე დავანთებო. ჩემს მაგივრად შენც დაანთე, რომ ნათელში ამყოფოს ღმერთმაო.

 

შენი ბიძაშვილი მარინა ამირაშვილი

 

****

ზაირა იყო შესანიშნავი ადამიანი. უაღრესად კარგი, ქვეყანაზე რაც კარგი რამ არსებობს, სულ ზაირას გააჩნდა. იყო ძალიან კეთილი, ეცოდებოდა ყველა გაჭირვებული, ეხმარებოდა ყველას, შეძლებისდაგვარად. ამავე დროს იყო განათლებული. არასოდეს ჩემი გულიდან არ წავა, სანამ ცოცხალი ვიქნები.

 

ნათელა ამირაშვილი

 

 

surati6

 

ლარნაკში უთქვენოდ ჩაწყობილი ყვავილები

იმ დღეს „კათარზისში" მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი - ზაირა ალადაშვილის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა „კათარზისი". ვაგლახ, რომ მე-3 სართულიდან ამაყად, მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. წაგვექცა უდროოდ ქალბატონი ბერმუხა, ჩვენ კი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა.

სიტყვა უდროოდ ვახსენე, სამართლიანადაც. რამეთუ ქალბატონი ზაირასნაირი უტეხი, მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
სხვებისთვის მკაცრი ქალბატონი ზაირა, პირადად ჩემთვის, დიდი გრძნობების მატარებელი ადამიანი გახლდათ და რარიგ გამიხარდა, როცა თავშესაფარში, რომლის უფროსი ზაირა ალადაშვილი იყო, ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა მითხრა, მკაცრია, მაგრამ გულმოწყალე და შემბრალებელიო. ე.ი არ შევმცდარვარ.... ერთხელ, მთელი ფუთა სურსათი გამომატანა, არ ვიღებდი, მეუხერხულებოდა, ნუ წუხდებით-მეთქი. აიღე, ცოტა გამხდარი მეჩვენებიო, მშობლიური სითბოთი მომიგო, თან დააყოლა, „შენ რომ უყურადღებოდ არ მტოვებო".
ვაი, რომ 15 თებერვალს, თქვენს დაბადების დღეზე, უთქვენოდ მოვათავსე გაზაფხულის პირველი მახარობელი ყვავილები ლარნაკში. იქ კი, სადაც სამუდამო სამყოფელი გეგულებათ, მუდმივი ყვავილებით იყოს მოსილი, მსუბუქი იყოს თქვენი საფარველი!

 

ნანა მაღალაშვილი
ჟუნალისტი
ოლეგის ნათლული

 

 

კოლეგები და ბენეფიციარები 

surati7

 

 

 

ღიმილით დამრჩით

ხუთი წელი იწურება, რაც „კათარზისის" თანამშრომელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში არა ერთხელ შევხვედრივარ ქალბატონ ზაირას. მისგან არა ერთი რჩევა მიმიღია. ყოველთვის მხნე და მხიარული შეხვედრა გვქონდა. მომეფერებოდა, მომეალერსებოდა: „შეხედეთ, რა ლამაზი ბიბლიოთეკარი გვყავსო".

ასე გაირბინა წლებმა და რას ვიფიქრებდი, რომ რამე მოერეოდა ქალს, რომელიც ასე ამაყად, მხნედ და ყოველთვის კოპწიად იმზირებოდა თავისი სამუშაო ოთახიდან. „კათარზისში" ხმა დაირხა, ქალბატონი ზაირა ვერ არის კარგადო. ეს ყველაფერი გადამეტებული მეგონა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. რა მეთქვა, როგორ მიმემართა ავადმყოფისათვის. ბატონმა ზაურმა გამამხნევა და მითხრა: „არა, გაუხარდებაო". უმალ მისკენ გავეშურე თეთრი ვარდებით. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. ოთახიდან ნაზი ხმა მომესმა. კარი შევაღე და ჰოი საოცრებავ, მეგონა საწოლზე მიჯაჭვული დამხვდებოდა, მაგრამ მაგიდასთან კვლავ ამაყად მჯდომი, რწმენით აღსავსე ქალბატონი ზაირა ვიხილე. ქალი, რომელიც ასე ადვილად ვერ დაეჯაბნა ავადმყოფობას.

ნაზად გამიღიმა. ღიმილი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. გადავეხვიეთ ერთმანეთს და თბილად მოვიკითხეთ. ჩვენი ეს შეხვედრა ბოლო იყო, რადგან მე არ მსურდა მისი ნახვა სარეცელზე. არ მინდოდა წაქცეული მუხა მეხილა.

ქალბატონო ზაირა, მინდოდა თქვენთვის გაზაფხულის ჩუმი შემოსვლა იის კონებით მომელოცა, მაგრამ ნაუცბათევმა თოვლმა დამასწრო. მსურდა გამემხნევებინეთ და სიცოცხლის რწმენის კედელი აღმემართა თქვენში. მე ის ქალბატონი ზაირა მინდოდა დამენახეთ, უკანასკნელად რომ ვიხილეთ საავადმყოფოდან მოსული. თქვენი ხმა რომ შემომესმა მესამე სართულზე თითქმის ასულს, ყურს რომ არ დავუჯერე და ხმამაღლა ვთქვი: „ ქალბატონი ზაირას ხმაა - მეთქი". აქაც ის ნაზი ღიმილი გამომიგზავნეთ და ასე დარჩებით ჩემში, „კათარზისის" დიდო ქალბატონო.

ნათელში იყოს თქვენი სული. ვგრძნობ, რომ თქვენ სიკვდილს არ შეუშინდით და თან გაიყოლეთ მზრუნველი ფიქრი უამრავ ბენეფიციარზე.

 

ლილი გორდელაძე

 ბიბლიოთეკის გამგე

 

 

ქალბატონ ზაირა ალადაშვილს

თქვენ ბრძანდებოდით კახეთის ულამაზესი კუთხიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან, კახეთში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი, რომელიც გამოირჩეოდით ულამაზესი გარეგნობით, ღირსებით და ზრდილობით... როგორც გაფასებთ დღემდე „კათარზისის" მოსამსახურე პერსონალი და მოხუცებულთა საზოგადოება!

ვწუხვარ, რომ კარგად ვერ გაგიცანით და ვერ გიგულეთ ჩემს სიახლოვეს, როგორც კახელი და თქვენთან ახლოს მცხოვრები, ამიტომ გულმა მიკარნახა, რომ მე თქვენთვის დამეყარა უამრავი ცრემლი და ვარდები.

 

პატივისცემით:

 ვენერა კენჭიაშვილი

 

 

 

 „სათნოების სახლის" დიდი დედა

არ არის ნამდვილად იოლი 300 – 400 ადამიანს შეუმსუბუქო დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრება, დააპურო, სულიერად დაამშვიდო, იმედი ჩაუსახო, შეუქმნა ისეთი გარემო, რომელიც ზღაპრის მომენტებს უხვად შეიცავს.

მახსოვს ერთხელ მის სამუშაო ოთახში ვსაუბრობდით. ასე ბრძანა, - ეს ახლავე უნდა ვუთხრა ჩემს შვილსო... სასიამოვნო იყო და პროდუქტიული მასთან საუბარი, რაც სამწუხაროდ აღარასოდეს შედგება.

როცა დადგა საბედისწერო ჟამი და აღარ იყავით ჩვენს გვერდით, ალალი, მდუღარე ცრემლებით დაგიტირეს, „ნამდვილად არ არის ყველას ხვედრი ასეთი გულდათუთქული განშორება". თქვენ დაიმსახურეთ ეს თქვენი ადამიანობით.

ახლა მოწაფენი? მათ ხომ უამრავი მოსაგონარი აქვთ თქვენზე. პედაგოგი ყველას ჰქვია, ვინც პედაგოგიური დაამთავრა, მაგრამ აღმზრდელი ნამდვილად არაა ყველა. თქვენ უფალმა მოგმადლათ ეგ ნიჭი. ახლა, მაპატიეთ და ვიზუალური მხარე? საოცარი იყო თქვენი მიძინებული სახე... ესეც იშვიათობაა და ზეცით მომადლებული.

 

ნათელში თქვენი სული, ამინ!

 ეს რა სიმწარით დასთმეთ სამყარო,

 ქალბატონო და დედავ,

 ზევიდან ისევ დაგვყურებ ფიქრით,

 ისევ შენს სამწყსოს ხედავ.

 აღარ გასვენებს ზრუნვა მოყვასზე,

 მუდამ ფიქრი და დარდი,

 მაგრამ სიკვდილმა არ მოგასვენა,

 ჩამოგაფარა ჩადრი.

 ეს რა შორი გზა ჩამოგივლიათ,

 რა სირთულენი შეგხვდათ,

 დიდი ქალის და კარგი დედისა,

 დღეს სადღეგრძელოს შევსვამთ.

 ნიაღვარები მოგყვება ცრემლის,

 არ არის ყველას ხვედრი,

 ნათელში იყოს, ღმერთო მაღალო,

 ქედმოდრეკილი გვედრი.

 ყველა იღლება რთული ცხოვრებით,

 ასე ყოფილა ბედი,

 ეხლა სხვა არის შენი სამყარო,

 გამორჩეული ხედი.

 ჰოდა იყავით დამშვიდებული,

 ნანას გიმღერით ქარი,

 მწუხარედ მოსთქვამს რჩენილი მარტო,

 გადატეხილი ქნარი...

 

მარეხ ბაღიშვილი

 დევნილი ჟურნალისტი სოხუმიდან

 

 

 

 

surati8

 

ქალბატონ ზაირა ალადაშვილს

 

შენ ორი შვილი გამოგიზრდია,

 სამშობლო ქვეყნის შენებისათვის,

 გიშრომია და ოფლი გიღვრია,

 შენი შვილების სიკეთისათვის.

 ჩაუქრობელი ვარსკვლავი იყავ,

 წვიმაში შუქთა გამოდარება.

 გვეამაყება შენი სიცოცხლე

 და გზას გვინათებს შენი ქალობა.

 

მაისო გურეშიძე

კათარზისის ბენეფიციარი

 

 

 

****

ჩვენო პატარა კოპწია ქალბატონო ზაირა! დღეს ჩვენთან აღარ ხართ. უთქვენოდ მოდის გაზაფხული, რომელიც ასე გიყვარდათ თავისი ლამაზი ყვავილებით. ბევრი მაქვს კარგი მოსაგონარი და ამიტომ გულით მინდა თქვენს საფლავს დაადგეს სხივი ნათელი, იმის ნიშნად, თუ როგორ საქმეს ემსახურებოდით... თქვენი დაარსებული თავშესაფარი თქვენთან ერთად იტანჯებოდა თქვენი ავადმყოფობის დღეებში. იმედი გადაგვეწურა და მხოლოდ უფლის იმედით ვიყავით...

 უფალი არ გვტოვებს ცოდვილ ადამიანებს, არ გვაძლევს უფლებას სულით დავეცეთ. თქვენ გმირულად შეხვდით გარდაცვალებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

 

ნათელა გეგია

 ხანდაზმულთა თავშესაფარი

 

 

 

****

ქალბატონი ზაირა: ლამაზი, ამაყი, მკაცრი, მუდამ მზრუნველი და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი.

არც თუ ცოტა დროა 6 თვე ადამიანის გვერდით ცხოვრება, მისი დარიგებების მოსმენა...

მადლობა ღმერთს, რომ თქვენ გაგიცანით, მადლობა თქვენ, რომ ამდენი თბილი სიტყვა გამაგონეთ. თქვენ ხომ გიყვარდათ ცხოვრება, სილამაზე, ყვავილები, კეთილი საქმის კეთება... მაგრამ თითქოს დრო გაჩერდა, თქვენ კი იბრძოდით... იბრძოდით და არ ნებდებოდით... მაგრამ უფალმა ასე ინება.

მადლობა უფალს, რომ ერთი პატარა, ძალიან პატარა კეთილი საქმე გამაკეთებინა თქვენთვის. ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, ქალბატონო ზაირა, თქვენს გვერდით ყოველთვის ია და ვარდი ყვაოდეს, თქვენ კი ჩემს გულში მუდამ ლამაზ და დაუვიწყარ მოგონებად დარჩებით.

 

ვანდა კოტაევა

 სათნოების და

 

 

 

surati9

 

გემშვიდობები, ჩემო საყვარელო მეგობარო!

 

შენს ოთახში ყოველდღიურად ვანთებ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გავხედავ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს.

 ... ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელია ამის გააზრება, რომ ჩვენთან აღარ იქნები. ჩვენ არა მარტო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, არამედ უფრო დედაშვილური დამოკიდებულება. მომენატრება შენი დამრიგებლობითი საუბარი, რომელიც ჩემთვის ცხოვრების მეგზური იყო. ყოველთვის მენდობოდი და იმედი გქონდა, რომ ენერგიას არ დავზოგავდი შენს გადასარჩენად; ეს სიტყვები წრფელი სიტყვებია გულის სიღრმიდან ამონაღები.

 თავშესაფარი ობლადაა დარჩენილი. გეფიცები, ამას ჩემთან ერთად განიცდის ყველა. გწამდეს, მარადიულად იცოცხლებ ჩემს გულში.

 „მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს,

 მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის.

 ვინა თქვა შენი მიუსაფრობა,

 სწორედ დღეს ჰპოვე თავშესაფარი"

 

გულიკო მინდორაშვილი-ჭიკაძისა

 სათნოების და

 

 

 

 

 

surati10

 

ქალბატონ ზაირას გახსენება

 

ზაირა ალადაშვილის უშუალო ხელმძღვანე-ლობით და მონაწილეობით „კათარზისში" დაარსდა მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარი, რომლის ხელმძღვანელიც სიცოცხლის ბოლო წუთებამდე თვითონ იყო. დააარსა აბანო, სამლოცველო, სამკერვალო...

ნათელში იყოს თქვენი სული, ქალბატონო ზაირა. ილოცოს თქვენმა სულმა თქვენი მონაგარის ჯანმრთელობის, კეთილად ყოფნისა და დიდხანს სიცოცხლისათვის.

 

ენდი მაისაშვილი

 სათნოების და

 

 

 

 

ძვირფას ქალბატონ ზაირა ალადაშვილს.

ქალბატონო ზაირა, დიდი მოკრძალებით, დიდი სიყვარულით გემშვიდობებით. ყველა ღმერთის შვილები ვართ, ზოგი ადრე მიდის, ზოგი გვიან. ჩვენო ძვირფასო ზაირა, ჩვენო საიმედო მარჯვენა ხელო, მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები.

თქვენ აქ ბედნიერი იყავით, ბედნიერი ცხოვრება გქონდათ და ეს თქვენი დამსახურება იყო. იყავით თქვენი საქმის კარგი მცოდნე, ბრძენი ადამიანი. ერთგულებით ეკიდებოდით ყველას, იყავით სიმართლის მთქმელი, ამასთან კეთილგონიერი, შეგნებული ადამიანი, ყველა გეცოდებოდათ, ყველას ეხმარებოდით. მადლობა ამისათვის.

ღმერთმა დაგილოცოთ თქვენი ძვირფასი შვილები, რძლები, შვილიშვილები, რომლებიც ასე ძვირფასად გაცილებენ.

 

ზაირა ცხაკაია-შამბა

 აფხაზეთი

 

 

 

 

surati11

 

****

დღეს ნებისმიერი ჩვენგანის სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკლისია, რადგან როგორც არასდროს, ისე ვჭირდებით ერთმანეთს. სიცარიელე, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანი ტოვებს, ძალიან ძნელი ამოსავსებია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ქალბატონი ზაირას გარდაცვალებამ გული დაგვწყვიტა ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც ახლო ურთიერთობაში ვიყავით მასთან.

 ვუსურვებ მას სამარადისოდ დაეკავებინოს მიწიერი ცხოვრებით მოპოვებული ადგილი!

 

თემურ ელიავა

 

 

 

ქალბატონო ზაირა,

 

თქვენ განათლებული, იუმორის მქონე ქალბატონი ბრძანდებოდით, ბატონი ზაურის მეგობარი, მრჩეველი და მარჯვენა ხელი.

 წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით ხანდაზმულთა თავშესაფარს.

 სამზარეულოსთან ყოველდღიური ურთიერთობა გქონდათ.

 - „აბა გოგოებო, რა იდეას მომაწოდებთ, რა მოვუმზადოთ?" და ჩვენც მონდომებას არ ვაკლებდით. ხან რას ვამზადებდით, ხან რას (მე და დარეჯანი). მე თავშესაფრის მზარეულად მომნათლეთ.

 დღესასწაულებზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქათამი, ბაჟე, იმერულ-მეგრული ხაჭაპური, ლობიანი, ღომი, ელარჯი და ა.შ. თავს ევლებოდით ბებიებს, როგორც ოჯახის წევრებს. მათ არაფერი აკლდათ - გართობა, ჟურნალ - გაზეთები, თქვენ თვითონ უკითხავდით.

 მე (მზია ფიფია) თქვენ მიმიღეთ „კათარზისში". ხშირად მახსენებდით: „შენ ჩემი რჩეული ხარ, არჩევანში არ შევმცდარვარო". მაფასებდით, გიყვარდით, რჩევას მაძლევდით, როგორც დაჩაგრულ ქალს და ტანჯულ დედას. გინდოდათ ოჯახი შემექმნა. მაგრამ უფალმა ასე ინება, ჩემი ეულად დარჩენა.

 თქვენ ჩვენი დამრიგებელი და მრჩეველი ბრძანდებოდით. თქვენს მიერ მოცემულ შენიშვნებს დღესაც ვიხსენებთ და ვცდილობთ არ გავიმეოროთ.

 უფალს ვთხოვთ, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ. მშვიდად განისვენეთ, ქალბატონო ზაირავ.

 

სამზარეულოს თანამშრომლები

 

 

 

გამოთხოვებ აქალბატონ ზაირასთან

 

ბევრი რამ გააკეთეთ „კათარზისის" კეთილი დღეებისათვის. მარტო ის რად ღირს, რომ ამუშავებინებდით მიწის ნაკვეთებს ხორბლისათვის, გახსენით აბანო მოხუცებისთვის, მოახერხეთ სამლოცველოს გახსნა, რომელიც ახლა უკვე მოქმედია. ფუნქციონირებს მოხუცთა თავშესაფარი, რომლის დამაარსებელი და ბოლო წუთამდე ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებოდით და ვინ იცის, კიდევ რამდენ სასიკეთო საქმეს გააკეთებდით სიკვდილს თქვენთვის ხელი რომ არ შეეშალა.

ნათელში იყოს თქვენი სული, ქალბატონო ზაირა.

 

ლეილა მეტრეველი

 სათნოების და

 

 

 

 

****

 ზეციური სამყაროდან გვიცქერით, თუმცა ცოცხლებშიაც მეგულებით: მოწესრიგებული, კოპწია, ერთი შეხედვით მკაცრი, თანაც ქალური და მშვენიერი. ჩვენი ყოველდღიური შეხვედრა თითქოს ენერგიას გმატებდათ, გახარებდათ. საკუთარ დარდსა და სიხარულს მიზიარებდით...

 გაზაფხული მოდის, მაგრამ აღარ ირთვება თქვენი სამუშაო ოთახი იებით და ყოჩივარდებით. დაობლდა ოჯახიც და თავშესაფარიც. წარუშლელი კვალი დატოვეთ ჩემს გულში. დიდხანს მემახსოვრებით მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის, შვილებისთვის თავდადებული, სიცოცხლეს მოწყურებული, ერთი სევდიანი ქალი... მშვიდად და უშფოთველად, ერთი ამოსუნთქვით გადადგით ბოლო, ამქვეყნიური ნაბიჯი. და კვლავ:

 „ჭადრები ქარისაგან ირწევიან,

 ფოთლები შრიალებენ ხეთა,

 ამქვეყნად თქვენი სუნთქვა აღარ ისმის,

 რაზედაც გული მწყდება"...

 ღმერთმა გაცხონოთ და ნათელში ამყოფოს თქვენი სული, ჩემო ქალბატონო ზაირა.

 

თამარ ვეშაპიძე

 „კათარზისის" ექიმი

 

surati12

 

 

 

 

 

****

უფალს ვთხოვ დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ქალბატონ ზაირა ალადაშვილს, რომელმაც გაჭირვებულ ადამიანებს ამქვეყნად მოუვლინა პატრონი, ხოლო მე ერთგული მეგობარი ზაურ ალადაშვილის სახით.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

ქალბატონ ზაირა ალადაშვილს

 

ზაირა, წახველ და წაიღე ჩვენი გულებიც,

 და დაგვიტოვე უკურნელი სევდა ულევი.

 

„კათარზისის" ბენეფიციარი

 ვენერა ბერაძე

 

 

 

 

ოთარაან თქვრივისებური შემართებით...

,,ადამიანი არის ის, რაც კაცისგან რჩება: მოგონება თუ საქმე, თუ დავიწყება სრული..." (მ. ქვლივიძე). მივაბარებთ მიწას პიროვნებას და კიდევ ერთხელ დავფიქრდებით ამქვეყნად მოსვლის არსზე, დანიშნულებაზე წუთისოფელში...

 ოთარაანთ ქვრივისებური შემართებით, თადარიგით, სამართლიანობით, წესრიგით, - ქალბატონმა ზაირამ მრავალი უბინაოდ დარჩენილი თბილისელი ქალბატონი შეიფარა თბილ ჭერქვეშ; არა მხოლოდ ყოფითი პრობლემები მოუგვარა, - უპირველესად, მორალურად ამოუდგა მხარში, გადაალახვინა უმძიმესი დღეები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილ ქალბატონებს. თაიგულით ულოცავდა და აღუნიშნავდა თითოეულს დაბადების დღეს, იზიარებდა მათ ოჯახურ სიხარულს თუ მწუხარებას.

 შემართების, ჭირთან ბრძოლის, ტკივილზე და სიკვდილზე გამარჯვების, სულის სიძლიერის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა... და კიდევ: დიდი ადამიანური სითბო, სიყვარული, მარადიული სინათლე დაგვრჩა გულში თითოეულ ,,კათარზისელს"...

 

თამარ შოშიაშვილი
ექიმი

 

 

 

ზაირა დეიდა,

 

....როდესაც ბოლოს გნახეთ, ლაპარაკი გიჭირდათ. ხელები გაშალეთ და გულში ჩამიხუტეთ...

 სიტყვით გადმოუცემელი სითბო ვიგრძენი...

 ზუსტად ვიცი, რომ ასეთი შეგრძნებები სიცოცხლის ბოლომდე ახსოვთ ადამიანებს...

 

ნანა მუსხელიშვილი

 „კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე

 

 

 

 

****

 ...მერამდენედ გადახტა ზამთრის ბეღურა აივანზე გაბმული სარეცხის თოკიდან თოვლიან მოაჯირზე.

 - ამ ღაბუა ჩიტსაც რაღაც აწუხებს ჩემსავით, ხედავ, ვერ ისვენებს...

 ეს ალბათ პრეპარატის მოქმედების შედეგია - გავიფიქრე გულში, - სად ხედავს ამ ოთახში ღაბუა ჩიტს? მაინც მივუახლოვდი საწოლს.

 - რაიმე ხომ არ გინდა, ზაირა დეიდა?

 ხმა აღარ ამოიღო. მექანიკურად აივნის კარისკენ გავიხედე და მოაჯირზე ჩამომჯდარი, აბუზული ბეღურა დავინახე. ზამთრის ცივი ქარი ბუმბულს უფრიალებდა. მეგონა სადაცაა გადავარდება მოაჯირიდან -მეთქი.

 9 თებერვალი, კვირა, დღის 14 საათი. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიიდან გამოვასვენეთ ქალბატონი ზაირას ნეშტი. მდუმარე პროცესიას მამა დავითი მიუძღოდა. ნაძვის ქვეშ გაჭრილი საფლავი მანვე აკურთხა. ახლობლები სათითაოდ დაემშვიდობნენ, მწარედ ტიროდნენ... თვალი მოვარიდე ამ სურათს და... გაჭრილი საფლავის კიდეზე ჩამოსკუპებული ჩიტი დავინახე, იქვე მდგარ ნაძვის ტოტზე გადაფრინდა, შემდეგ ისევ საფლავის კიდეზე და ისევ ნაძვის ტოტზე.

 იმ წუთებში დავიჯერე, რომ ნამდვილად უჭირდა მაშინაც და ახლაც ამ ბეღურას თქვენთან განშორება, ქალბატონო ზაირა, ან იქნებ ეს ბეღურა თვითონ თქვენ იყავით მაშინაც და ახლაც?

 

გულიკო რომანიშვილი

 „კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე

 

surati13