საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი წარმოადგენს კომპლექსური დახმარების ცენტრს. ის დაფუძნებულია 1990 წელს, საქართველოში ღრმა სოციო-ეკონომიკური და კულტურული კრიზისის პერიოდში; კათარზისი სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს. ჩვენი ოცდაათწლიანი გამოცდილების ფონზე, ეს სერვისები ყოველთვის გადამწყვეტი მნიშველობისაა ყველა კონკრეტული სიტუაციისა და კონკრეტული ბენეფიციანტისთვის. კათარზისის სერვისები  უსასყიდლოა.

ორგანიზაციის უპირველესი მისია - თბილი და ოჯახური გარემოს პირობებში ძირითადი ჰუმანიტარული სერვისების უზრუნველყოფით დახმარებოდა სოციალურად დაუცველთ - საზოგადებაში არსებულ სოციალური და ჯანდაცვის საკითხების აქტუალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, მალე გარდაიქმნა ხანდაზმულებზე მზრუნველობის ერთიან სოციალურ კომპლექსად, რომლის სამსახურებიც ამჟამად აერთიანებს ძირითად სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებას, სასადილოს, რეაბილიტაციისა და რელაქსაციის ცენტრებს, ბიბლიოთეკას, მეორადი ტანსაცმლის სახელოსნოს; გარდა ამისა, კომპლექსში ფუნქციონირებს ფოლკლორული და პოპულარული მუსიკის გუნდები, ხანდაზულთა თეატრი ნოსტალგია,  ინტერნეტ-კაფე, სამლოცველო  და მრავალი სხვა.

1995-2018 წლებში კათარზისს საქართველოს ექვს რეგიონში ჰქონდა ფილიალები, რომლებიც 1500-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კათარზისი არის პიონერი არაკომერციული არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის წინ. ასოციაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი და ბიზნეს-სექტორების ერთგვარ გაერთიანებულ ძალისხმევას. დაახლოებით 1,000-მდე კერძო ბიზნეს-კომპანია ფულადი სახსრებით და 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაცია კი საკუთარი პროდუქტებითა და სერვისებით ეხმარება კათარზისს რეგულარულად; საქართველოს სახელმწიფო, თავის მხრივ, ანაზღაურების გარეშე გადასცემს კათარზისს შენობას და, ასევე, უზრუნველყოფს მისთვის უხელფასო თანამშრომლებს ე.წ. სათნოების ძმების სახით, რომელნიც ჩვეულებრივი სამხედროვალდებულნი არიან და კათარზისში  იხდიან ალტერნატიულ სამხედრო ვალდებულებას.


კათარზისი მადლიერია თავისი ერთგული და გულისხმიერი თანამშრომლებისა, რომელნიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე თავდაუზოგავად მუშაობენ და ამით რეპუტაციას უნარჩუნებენ ცენტრს საქართველოში.

დონორებისა და სპონსორებისთვის კათარზისი ატარებს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნებისმიერ მხარდამჭერსა და შემომწირველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და დააკვირდეს თუ როგორ არის მათი შენატანები გამოყენებული.




 

 


კათარზისის 33-წლიანი საქმიანობა ციფრებში

(ფილიალების გარეშე აღრიცხული მომსახურება)


სამედიცინო სამსახური:    213 820 ადამიანი
სპორტულ-სარეაბილიტაციო:    13 302 ადამიანი (2013-2023წ.)
ბიბლიოთეკა:    56 913 ადამიანი
მეორადი სამოსი:    54 840 ადამიანი
საშობაო-სააღდგომო დახმარება:    4381 ადამიანი (2010-2023წ.)
მწოლიარეები:    4800 ადამიანი (2000-2023წ.)
თავშესაფარი:    291 ადამიანი (1996-2023წ.)
კაფე:    108 200 ადამიანი (2013-2023წ.)
სოც.ქსელები ხანდაზმულთათვის:    3832 ადამიანი (2013-2023წ.)
სილამაზის სალონი:    17 400 ადამიანი
აბანო:    36 660 ადამიანი
უსახლკაროები:    707 ადამიანი
სასადილო:    1 820 200 ადამიანი (1990-2023წ.)
აქცია "სადილი ყველას":    191 800 ადამიანი (2002-2023წ.)

33 წლის განმავლობაში სულ:     2 527 146 ადამიანი