ჩვენი მისია


30 წელია ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს.
ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე თანამოაზრეთა ერთიანი გუნდი ვართ. ხანდაზმულების ახალ-ახალ თაობებთან ერთად ვსწავლობთ და ვიზრდებით. რაც დრო გადის, უკეთესად გვესმის ეს ასაკი, როგორც დარგის სპეციალისტებს და როგორც ადამიანებს, ვისაც ასევე ემატება ასაკი.

რა არის დღეს კათარზისი?

უქონელ ხანდაზმულებზე ზრუნვის კომპლექსური ცენტრი; ადგილი, სადაც გაჭირვებულ მოხუცს ყველა აუცილებელი მომსახურება ელოდება. ამასთან ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ გაჭირვების დაძლევაზე.
ჩვენი სახლი არის გადაუდებელი და განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების ერთობლიობა, მათი ბალანსი. პირველ ეტაპზე ის ეხმარება ხანდაზმულს დაიკმაყოფილოს მიმდინარე საჭიროებები, ხოლო შემდეგ, იფიქროს თვითრეალიზაციის იმ ფორმებზე, რომლისთვისაც მზად არის.
ჩვენი მუშაობის მაჩვენებელი ის ხანდაზმული კი არ არის, რომელსაც აღარ შია ან მარტოობა აღარ აწუხებს, არამედ უფრო მეტად ის, ვინც თვითშეფასების საკუთარ სისტემაში ქვემოდან ზედა საფეხურებისაკენ წაიწია. გვახარებს, როცა ჩვენთან ყოფნის 3-4 თვის შემდეგ საკუთარ თავში ჩაკეტილი ხანდაზმული თავს ადგილობრივი დრამატული თეატრის სპექტაკლის გმირად მოიაზრებს ან ახალი შესაძლებლობების მისაღებად კომპიუტერულ ცოდნას ეუფლება, ფიზიკური გაკაჟების პროგრამით ინტერესდება ან ადგილობრივი თემის მიერ ინიცირებულ რომელიმე ინტელექტუალურ კლუბში ერთიანდება.
გვახარებს გახმაურებული ქორწილები ბენეფიციარებს შორის და ის ჩუმი, ერთი-ერთში ნათქვამი მეგობრობა, რომელიც უფრო ხშირია და ასევე ძალიან ფასეული.

კათარზისის ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ აქ ერთჭერქვეშ ერთდროულად ფუნქციონირებენ დღის და სადღეღამისო ცენტრები. ეს საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ზრუნვის უწყვეტი სისტემა „ახალგაზრდა ხანდაზმულობიდან“ გარდაცვალების (სხეულიდან გასვლის) ჩათვლით.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეგუებული გარემო (სიბერის მეგობრები, შეჩვეული პერსონალი, ნივთები, კედლებიც კი), ხანდაზმულებისათვის შეუცვლელია. გარდა ამისა, ზრუნვის სისტემის კონცენტრაცია (სამსახურები ერთმანეთის რესურსებს ეყრდნობა და ავსებს) ბევრად იაფი უჯდება საზოგადოებას, ვიდრე იგივე სისტემისგან მხოლოებული წარმონაქმნები.
სხვა ასაკებთან შედარებით სიბერის უპირატესობები აშკარაა: ეს არის მოსავლის აღების, ანუ გამოცდილებათა დაჯამების, დაბრძენების ხანა. სიამოვნების, ვნებების, სურვილების ბორკილები, რისგან გათავისუფლებისაკენაც მოგვიწოდებს უკლებლივ ყველა სულიერი სწავლება და რელიგია, ცხოვრების ამ საფეხურზე ძირითადად დაძლეულია. სიბრძნის ასაკში უკეთესად ჩანს სამყარო და შენი ადგილი კოსმიურ წესრიგში. სიბერის უპირატესობების წამოწევა, დახმარება სულიერ ძიებაში ჩვენი სახლის საბოლოო და საკრალური მისიაა.



ჩვენი ხედვა


კათარიზისის ხედვა ოთხმხრივია:


​I
- ხანდაზმულთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა
უქონელი ხანდაზმულებისათვის იმ სერვისების შეთავაზება, რომელსაც დღეს ისინი მოკლებულები არიან და რომელიც აუმჯობესებს ხანდაზმულების, მათზე მზრუნველებისა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხს.

II - საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მის დამოკიდებულებაზე ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, რაც დაეხმარება ამ უკანასკნლეთ იცხოვრონ როგორც  საზოგადოების სრულფასოვანმა და დამოუკიდებელმა წევრებმა.

III - ხანდაზმულთა სერვისების გაუმჯობესება
მუდამ მზად იყოს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ და რეაგირებისათვის; იყოს აქტიური ყველა სახის სოციალური, ჯანმრთელობის, სასწავლო, საგანმანათლებლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში; იყოს მოქნილობისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზისით როგორც ნიმუში საზოგადოებრივი სახსრების სწორი და საუკეთესო ინვესტიციისა.

IV - ინოვაციურობა
სტაბილურად შეინარჩუნოს და განავითაროს არა მხოლოდ არსებული და მიმდინარე აქტივობები და სამსახურები, არამედ იყოს წამახალისებელი ახალი, ინოვაციური გამოცდილებისა და შესაძლებლობებისა, რაც ხელს უწყობს ხანდაზულთა სერვისების შემდგომ ამაღლებას და სრულყოფას.



ჩვენი ფასეულობები

პატივისცემა
ჩვენ ვცდილობთ ყველას - თანამშრომლებს, სტუმრებს, მეგობრებს, მოხალისეებს, მონაწილეებს - ვუჩვენოთ მხოლოდ ურთერთდაფასებისა და ყურადღების მაგალითები; ჩვენ პატივს ვცემთ და ყველას თანასწორად და ღირსებით ვეპყრობით. პატივისცემის გამოხატვით ვადასტურებთ და ვაფასებთ ყოველი ადამიანის ღირსებასა და უნიკალურობას და ჩართულობისა და მრავალფეროვნების ძალას.

დამოუკიდებლობა
მონაწილეებისა და თანამშრომლების დახმარებისას ჩვენი უპირველესი ამოცანა მათში დამოუკიდებლობის შენარჩუნების წახალისება და მხარდაჭერაა.

სტიმულირება  
ჩვენ ვახალისებთ სწრაფვას აქტიურობისკენ - ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად და სულიერად.

სიბრძნე
ვეყრდნობით ჩვენი წევრების მიერ წლების განმავლობაში შეძენილ ცხოვრებისეულ და პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას და ვცდილობთ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ის საზოგადოების უფრო ფართო წრეებისათვის.

ხსოვნა 
ჩვენ გვახსოვს და ვაფასებთ თითოეულ ჩვენს ხანდაზმულს და საზოგადოების წინაშე ყველა მათ დამსახურებას წარსულში.

სიხარული
ვცდილობთ ყოველთვის ხალისისა და სიხარულის მუხტი შევიტანოთ ჩვენს გუნდში და ყოველი დღე ხალისიანი გავხადოთ ჩვენს წევრებსა და მათ ხარისხიან მომსახურებაზე ფოკუსირებული ქცევებით, პროგრამირებითა და მზრუნველობით.